“ერთ მშვენიერ დღეს” გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივად, დღე არ გავა, ახალგაზრდა ან მოზარდი არ დაიკარგოს და შემდეგ გარდაცვლილი არ იპოვონ, ან ახალგაზრდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ, ვიღაცამ ვიღაც არ მოკლას ან არ დაჭრას – დღე არ გავა ასეთი ტრაგიკული ფაქტების გარეშე. არადა, იქნებ ასეთ ქვეყანაში “ერთ მშვენიერ დღეს” მოულოდნელად არ გავიღვიძეთ… 2012 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ და 2013 წლის იანვრის ბოლოდან პატიმრების ციხიდან გამოშვება დაიწყეს. მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა 8 ათასი პატიმარი.
მერე ისიც გვახსოვს, როგორ გახშირდა ბინის გატეხვისა და მანქანის ნაწილების ქურდობის შემთხვევები. ჩვენი მაშინდელი პრემიერ-მინისტრი კი გამოვიდა და „დაგვამშვიდა“, რომ იქნებოდა ასეთი ფაქტები და გაგებით უნდა მოეკიდოთო.
8 წელია „გაგებით ვეკიდებით“ და ამასობაში მოვედით ამ დღემდე – როცა ყოველდღე ვიღაც სადღაც იკარგება, ვიღაცას იმის გამო ურტყამენ დანას, რომ ქუჩაში არ მიესალმა (დაახლოებით ერთი თვის წინ დიღომში მომხდარი ფაქტი), ქურდობა და სახლების გატეხვა ასევე ჩვეულ წესად იქცა და სამწუხაროდ, ყოველდღიური რუტინაა ახალგაზრდების გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილი… ნამდვილი ჯოჯოხეთი ამის შემდეგ იწყება – ეს არის გამოძიება.
პოლიტიკოსები, იურისტები საჯაროდ ხშირად ამბობენ, რომ აქ ორი მთავარი მიზეზია: ტოტალური არაპროფესიონალიზმი და კონკრეტულ საქმეებში დამნაშავეზე ხელის დაფარების მცდელობა. პირად საუბრებში კი ხშირად ისიც მოგვისმენია, რომ გამომძიებლებს, პოლიციელებს ყოველგვარი მოტივაცია აქვთ დაკარგული, აღარც გამოძიების სურვილი აქვთ და აღარც რეაგირების.
ფაქტი არის ერთი – ვცხოვრობთ კრიმინალურ ქრონიკაში, სიკვდილიდან სიკვდილამდე.
ერთ-ერთი ბოლო ასეთი ტრაგიკული შემზარავი შემთხვევა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაა.
„აწამეს და მოკლეს ბავშვი, მოტყუებით გაიყვანეს“ - თამარ ბაჩალიაშვილის მამა სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
მამამ შვილის გარდაცვალების შესახებ კამერების წინ შეიტყო.
რა მოხდა, თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა – ამას გამოძიება დაადგენს-მეთქი – ალბათ ხმამაღლი ნათქვამია, მაგრამ ვინმე ოდესმე მაინც დაადგენს. ახლა აქ მთავარ კითხვებს ის 4 დღე აჩენს, როცა ბაჩალიაშვილს ეძებდნენ.
თუ გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ შაბათს, დილის 11:00 საათზე გავიდა გოგონა სახლიდან, 12:00 საათზე მარნეულში დაფიქსირდა მანქანა და შემდეგ უკვე თეთრიწყაროში, სადაც საბოლოოდ იკარგება მისი კვალი – რას აკეთებდნენ ამ 4 დღის განმავლობაში. ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ ეძებდნენ. თუ დრონებიც კი ჩართეს საქმეში, მანქანა იმ ტყეში რატომ ვერ შენიშნეს და თუ მანქანა იმ ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს, სადმე სხვაგან რატომ ვერ მიაგნეს გოგონას ავტომობილს?
იურისტებს ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ იმ 4 დღესთან დაკავშირებით აქვთ, როცა 23 წლის ახალგაზრდა ქალს ეძებდნენ. მათ ასევე აინტერესებთ, რას ნიშნავს, პერსონალური კომპიუტერის პაროლი ვერ „გატეხეს“ და რაზე მიუთითებს აქციის შემდეგ მოულოდნელად მანქანის გამოჩენა.
რადიო „ფორტუნა“ იურისტ ლევან სამუშიას დაუკავშირდა, რომელმაც “დღის თემაში” ამ კონკრეტულ ფაქტსა და ზოგადად, კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრა.
„მანქანა ტყეში წინა ღამით მიიყვანეს“ - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი
"მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე იდო, თვითონ კი უკანა სავარძელზე იყო".
„ჩვენ ვხედავთ, რომ საშინელებების სერია მიეწყო. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც შაქარაშვილის საქმეში მედია იძულებულს ხდის გამოძიებას, ნაბიჯები გადადგან. ახლაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, საგამოძიებო მოქმედებები დაეწყო, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს.
ამდენი ხანი რატომ ვერ იპოვეს მანქანა. მიახლოებითი კოორდინატებით შეიძლებოდა დადგენა. არც უღრანი ტყე არ იყო, სადაც მანქანა იპოვეს. თუ სამძებრო სამუშაოები იყო, უნდა დაენახათ. მწყემსმა მხოლოდ იმ დღეს ნახა? სხვა დროსაც ხომ იქნებოდნენ იმ არეალში მწყემსები. გარდაცვლილის მამამ როგორც თქვა, გამომძიებელს უთქვამს, თქვენს შვილს პრობლემები აქვსო. ეს საიდან დაადგინეს, უნდა გვითხრან. საქმეში არის ბუნდოვანება.
5 დღის განმავლობაში დეტალურად იყო ცნობილი იმ არეალის შესახებ, სადაც ეს ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, არის ეჭვი ასევე, რომ თუ 2 დღის წინ არ იყო იმ ტყეში მანქანა, მაშინ ვიღაცამ მიიყვანა“, – ამბობს ლევან სამუშია.
ის მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და ყველა კითხვას უპასუხონ, რადგან ასეთი შემთვევების გამო, მისი თქმით, ხალხი დაზაფრულია. სამუშია ამბობს, რომ ეს სისტემური პრობლემაა.
ჩვენ იურისტს ვკითხეთ, უნდა დაკითხულიყვნენ თუ არა თავიდანვე მისი თანამშრომლები, ან რას ფიქრობს, მანქანაში ნაპოვნ ფურცელზე, სადაც წერია, რომ მისი ანაბარი შეუძლიათ გახსნან და გამოიყენონ.
„მტკიცებულებებს რაც შეეხება, ეს უნდა იყოს გამოკვლეული. მათ შორის, კალიგრაფია, დნმ-ის კვალი, დეტალურად არის შესასწავლი, მანქანის საბურავების კვალი – ეს დასადგენია. იმედი მაქვს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – ამბობს იურისტი.
რაც შეეხება წერილს, მოგვიანებით გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განმარტა, რომ ის წერილი არ არის, პატარა ფურცლებზე გაკეთებული ჩანაწერებია, რასაც მისი თქმით, გარდაცვლილი პერიოდულად აკეთებდა ხოლმე.
ბოლო ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ასევე ჩატარებულია ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რადგან მანქანაში, არსებული ინფორმაციით, მედიკამენტები იპოვეს. მისი პახუსი კი 10 დღეში გახდება ცნობილი.
იურისტები ზოგადად ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ დამნაშავეებსაც დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და ამიტომ გახშირდა მკვლელობები და ქურდობები. მათი თქმით, ხელისუფლებას სიტუაცია და კონტროლი კი არ გაექცა, არამედ ხელიდან გაუშვა.