LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა – მისი გამოცხობა კიდევ უფრო ძვირი დაგიჯდებათ

110
khachapuri_w_h

2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.39 ლარი იყო, რაც 2.7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28.1%-ით მეტია 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე, – ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს.

„2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. ინგრედიენტების ფასებს თუ უფრო დეტალურად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ივნისში ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომლის ფასიც 27.8%-ით არის გაზრდილი და რომელზეც ინდექსის ყველაზე მაღალი წონა მოდის. მართალია, გაზრდილი ინდექსის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გაზრდილი ყველის ფასი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ფქვილის ფასი (+46.1%) გაიზარდა. ფასები გაიზარდა სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც: კვერცხი (+38.9%), კარაქი (+22.7%), რძე (+13.9%), საფუარი (+13.0%).

საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა. FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები. საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს“, – აცხადებენ ISET Policy Institute-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები