LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კჰაჭაპური“ და ნატურალური ლიმონათები – რუსულ ტელეარხზე საქართველოზე გადაცემა გავიდა

73

რუსულ სატელევიზიო არხ “Мама“–ზე, საქართველოს შესახებ 1 საათიანი გადაცემა გავიდა.

„გამადჟობა გენაცვალე ძვირფასო მაყურებელო, მე და ჩემი „დედაჩკა“ საქართველოდან სულ ახლახანს დავბრუნდით – საქართველოში მამას დედა ჰქვია და დედას მამა, წარმოგიდგენიათ?“, – ასე იწყებენ გადაცემას „დიდი მოგზაურობა“ წამყვანი ოლგა მალჩევა და მისი შვილი, რომელიც გადაცემის თანაწამყვანია.

„დიდი მოგზაურობა“ გადაცემაა, სადაც წამყვანი ოლგა მალჩევა შვილთან ერთად მოგზაურობს და მაყურებლებს სთავაზობს იდეებს, სად და როგორ უნდა დაისვენონ ბავშვებთან ერთად ყველაზე კარგად.

„საქართელო მაგარია და ჩვენ ამის შესახებ მოგიყვებით. რა არის საქართველო? ჩვენი სულის დაკარგული ნაწილი. აქ ერთი გაღიმებაა საჭირო იმისთვის, რომ იცოდე ვინ –ვინ არის, სად ცხოვრობს, რას საქმიანობს და ა.შ. აქ ყველას სჯერა სასწაულების და უბრალოდ არაფერი ხდება“, – ამბობს წამყვანი.

გადაცემაში აღნიშნულია, რომ რუსეთიდან საქართველოში გამგზავრებისთვის ვიზა საჭირო არ არის, თუმცა თუ თქვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი გაქვთ გადაკვეთილი, ამ შემთხვევაში ქვეყანაში არ შეგიშვებენ.

წამყვანი საინფორმაციო ცენტრით აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ აეროპორტშივე მოგზაურობისთვის მთელ ინფორმაციას იღებთ და თან უფასოდ.

„სულიკო“, „ჩიტო–გვრიტო“ და მგზავრების რუსულენოვანი სიმღერა თან სდევს გადაცემას. სიმღერებს სიუჟეტში ხან რიგითი მოქალაქეები მღერიან, მათ შორის ტაქსისტები, ხან გადაცემას ფონად ადევს ორიგინალი ვერსიები.

პირველი გადაცემა მხოლოდ თბილისს მოიცავს და წამყვანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესანიშნავ ხედებსა და ძველ უბნებს…

 

… და რა თქმა უნდა ქართულ კერძებს…

“თბილისში გემრიელი საკვების დიდხანს ძებნა არ მოგიწევს”–აღნიშნავს წამყვანი, რომელიც ქართული კერძების მრავალფეროვნებასთან და ხაჭაპურთან ერთად, ქართული ლიმონათებითაც მოიხიბლა.

გიდობას წამყვანის ტაქსისტების და მოქალაქეების გარდა, გადაცემის მეორე ნაწილში მისი მეგობარი მარიკაც უწევს.

გადაცემაში მოხვდა “ბომბორას” პარკიც, სადაც დედა–შვილი გაერთნენ როგორც ატრაქციონებით, ასევე დააგემოვნეს სახელგანთქმული “მთაწმინდის პონჩიკიც”.

“დიდი მოგზაურობის” პირველი ნაწილი ჯგუფ “მგზავრებთან” სტუმრობით და მათთან ერთად რუსულ–ქართული სიმღერით მთავრდება. აღსანიშნავია, რომ “მგზავრებთან” გადაცემის წამყვანები, მათმა ტაქსისტმა დააკავშირა, რადგან  ოლგა მალჩევამ მგზავრობისას აღნიშნა, რომ “მგზავრები” მისი ერთ–ერთი საყვარელი ჯგუფია.

როგორც ანონსში ჩანს, მეორე ნაწილი საქართველოზე თბილისის საზღვრებს სცდება…

თამთა უთურგაშვილი