სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელი, სპეციალიზებული ქათმის კერძების მომზადებაზე KFC, საქართველოში ახალ სტრატეგიას აყალიბებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ბრენდი უკვე ერთ წელზე მეტია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და მომხმარებლების კეთილგანწყობა დაიმსახურა.
”მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ როგორ მიიღო მომხმარებელმა ახალი პროდუქტი და რა მოთხოვნები და მოლოდინები გაჩნდა ჩვენ ბრენდთან მიმართებით. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც ჩვენი აზრით, კიდევ უფრო მიმზიდველს და კომფორტულს გახდის ჩვენს მომსახურებას. მთავარი სიახლე იქნება ის, რომ კომპანია ეცდება პროდუქტი გახდეს უფრო მარტივად ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის. ამისათვის დაგეგმილია ქსელის გაფართოება და ქალაქისა და სხვადასხვა რეგიონების უფრო სწრაფი ტემპით ათვისება”, – განაცხადეს KFC-ში.
მათივე ინფორმაციით, პეკინის N12-ში არსებული ფილიალი იყო პირველი ლოკაცია, რომელიც წამოადგენდა ერთგვარ სატესტო ჰაბს, სადაც კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა მომხმარებლების დიდ რაოდენობას, შეესწავლა მათი მოთხოვნები და ამის საფუძველზე ჩამოეყალიბებინა ქართულ რეალობაზე მორგებული სტრატეგია.
”როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ახალი მიზანია ქსელი გახდეს უფრო მასშტაბური და ადვილად ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ ძალიან დიდი ზომის რესტორნებზე და ნაცვლად ამისა, გავაკეთოთ შედარებით პატარა , თუმცა რაოდენობრივად გაცილებით მეტი ფილიალი. წლის ბოლომდე იგეგმება 3 ახალი ლოკაციის დამატება ჩვენი ქსელისათვის”, – აღნიშნეს სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელში.
მათივე ცნობით, პეკინის ფილიალი 10 ივლისს შეწყვეტს ფუნქციონირებას. ამის პარალელურად 4 ივლისს გაიხსნა ახალი ფილიალი ჭავჭავაძის 26 ნომერში. ასევე, აგვისტოს თვეში დაგეგმილია ”ისანი მოლში” ახალი რესტორნის დამატება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ ერთი ლოკაცია შეემატება KFC -ის ქსელს. ჯამში სამი ობიექტის გახსნაში წლის ბოლომდე 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორცილდება.
ცნობისთვის, KFC-ის ბრენდის ქვეშ მსოფლიოში 18 000-ზე მეტი რესტორანი ოპერირებს მსოფლიოს 115 ქვეყანაში, რომელთაგან 30% არის კორპორატიული, ხოლო 70% ფრენჩაიზინგის ლიცენზიის თანახმად გახსნილი.