LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კერძო სტატუსით იმყოფება” – სამინისტრო გერმანელი დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლაზე

107
vibori-2019-0

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ეხმაურება.

კონსტანტინიდის თქმით, ეს პირი კერძო სტატუსით იმყოფება აფხაზეთში და მას დამკვირვებლის ნებართვა ან უწყება საკანონმდებლო ორგანოდან არ აქვს.

“აფხაზურ პრესაში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებოდნენ. მოგეხსენებათ საოკუპაციო ძალა და საოუკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობენ  პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ. გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის კერძო სტატუსით იმყოფება და მას რაიმე სახის რწმუნება ან ნებართვა არ აქვს იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს,” – აცხადებს კონსტანტინიდი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილის 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ გამართულ არჩევნებს არ ცნობს.