LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო დაზღვევის მქონე პირებისთვის საყოველთაო დაზღვევის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია – საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს მთავრობის ის დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, აღარ არიან ჩართული კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით. 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს კერძო დაზღვევით სარგებლობას და იმავდროულად, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, მას ფაქტობრივად სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ეძებოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი თქვას მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე.

პირთა მსგავსი კატეგორიისათვის საბაზისო პაკეტით მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება ობიექტურად ვერ მოემსახურება კერძო სადაზღვევო სექტორის დაცვას და იწვევს დაუსაბუთებელ დიფერენცირებას.

მიუხედავად გამოტანილი გადაწყვეტილებისა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო უფრო ოპერატიული აღმოჩნდა საკითხის გადაწყვეტისას, ვიდრე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

„ფორტუნასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე, ამბობს, რომ სამინისტრომ აღნიშნული საკითხი მიმდინარე წლის მაისში, სადაზღვევო კომპანიებისგან ონლაინბაზების მოწოდებისთანავე, გამოასწორა. 

„საკითხი შეეხება, დაახლოებით, ერთი წლის წინანდელ სტატუსკვოს, რომელიც 6 თუ 7 თვის წინათ შეიცვალა. მანამ, სანამ ონლაინ სადაზღვევო ბაზები არ გვექნებოდა, ჩვენ ვერ  დავინახავდით, ვინ იყო დაზღვეული და ვინ არა. როცა სადაზღვევო ბაზები მოგვაწოდეს, ჩვენ ადამიანებს უკვე 1 მაისიდან შევთავაზეთ განსხვავებული სქემა, რომელიც არამარტო დაზღვევა დაკარგული ადამიანების სახელმწიფოსთან ურთიერთობის ახალ სქემას გულისხმობდა, არამედ  კიდევ ახალი ჯგუფების გაჩენას საყოველთაო ჯანდაცვაში, რომელთა ბედზეც დაზღვევაში ყოფნა არ ყოფნა არ მოქმედებს,“ –  განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით პრაქტიკა ასეთია: თუ პირი დაკარგავს კერძო დაზღვევას, ის საშემოსავლო კატეგორიის მიხედვით გადავა სახელმწიფო დაზღვევის მინიმალურ პაკეტში.

„მინიმალური პაკეტი გადაუდებელ დახმარებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდა 6 თვის განმავლობაში კერძო დაზღვევის აღდგენა, პირის ფინანსური კატეგორიის მიხედვით მოხდება სრულყოფილი პაკეტის დამატებაც, რაც გულისხმობს გეგმიურ კვლევებსაც. ამას არანაირი მოსვლა და ფურცლები არ სჭირდება,“ – აღნიშნა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქე როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე მიიღო.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი