LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო ავტომობილები მეორე პლანზე გადადის – ქალაქში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება

146

დედაქალაქში სპეციალური შუქნიშნები განთავსდება, რომელიც ავტობუსს პრიორიტეტს მიანიჭებს, ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ ავტომობილებს.

როგორც „ფორტუნას“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ცვლილებების მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტში ჩაყენება და ამის უფრო კომფორტულ სისტემად გარდაქმნაა.

„მეორე პლანზე გადადის კერძო ავტომობილების ინტერესები, თუმცა ეს პრობლემად არ უნდა აღვიქვათ“ – განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს.

„ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ ადგილებზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები იქნება, სპეციალური სისტემით დაინახავს ავტობუსი რამდენ წუთში მოუახლოვდება, მანამდე გადათვლის ნაკადებს, გააჩერებს და ავტობუსს გაატარებს. ასეთი შუქნიშანი იქნება ყველა ქუჩაზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლი იქნება,” – განაცხადა მუმლაძემ.

სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული გახდება მას შემდგე, რაც მერიის მიერ დაანონსებული ახალი ავტობუსებით შეივსება და განახლდება ავტოპარკი, ასევე ქალაქში არსებული ბასლეინების რაოდენობა გაიზრდება.

“ჩვენი მიზანია, კერძო ავტომობილების მფლობელებმა ყოველდღიური მოხმარებიდან ამოიღონ მანქანები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდნენ. ეს კარგი იქნება ეკოლოგიისთვისაც, საცობებისთვისაც და მათი ჯიბეებისთვისაც. თუმცა, ეს ყველაფერი ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ დაიწყება,” – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.