LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: მხარს ვუჭერთ სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების დროული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი განხორციელება

75
კელი დეგნანი

„არსებობს გზამკვლევი სასამართლო სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად, რომელზეც იმსჯელეს და მოილაპარაკეს საქართველოს ლიდერებმა, ის ეფუძნება ვენეციის კომისიის, ოდირის, საერთაშორისო და საშინაო სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიპლომატის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად კარგი მაგალითი იყო. მისი თქმით, დღეს, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ: პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები, იმისთვის რომ იმსჯელონ, როგორ გააძლიერონ და გააუმჯობესონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა.

„ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მცდელობას და აშშ ამაყია იმით, რომ ეხმარება საქართველოს საკუთარი სასამართლო სისტემის განვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში. ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არის ის, რომ გაგრძელდეს ეს რეფორმები. არსებობს ნათელი გზამკვლევი, რომელზეც ქართველმა ლიდერებმა უკვე იმსჯელეს და მოილაპარაკეს. ის ეფუძნება ვენეციის კომისიის, ოდირის, საერთაშორისო და საშინაო სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს.

მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, რომ პარლამენტმა ეს რეკომენდაციები სთხოვა ოდირს, ვენეციის კომისიებსა და საერთაშორისო ექსპერტებს და ამგვარად, რეკომენდაციების მოწოდება მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ასე რომ, საკმაოდ ნათელია, რა არის საჭირო ამ რეფორმებისთვის, იმისთვის, რომ გაგრძელდეს პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების დროული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი განხორციელება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, დეგნანმა უპასუხა კითხვას, რომელიც  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დაისვა.

მისი თქმით, პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური დევნის აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და ცხადია, კონკრეტული საქმეების შედეგების ნდობის მიმართაც. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ნებისმიერ საქმეზე კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად იქნება გამოყენებული.

„მე იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ან ნებისმიერ ბიზნესთან დაკავშირებისა. ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მე იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ან ბიზნეს კონტექსტისა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები