LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ერიკა ოლსონი როდესაც ჩამოვა თბილისში, ვიმედოვნებ, იქნება კახა კალაძესთან შეხვედრის შანსი

315
787

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ როდესაც ერიკა ოლსონი კვლავ ჩამოვა თბილისში, ჩვენ შევძლებთ კახა კალაძესთან შეხვედრის ორგანიზებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო ბევრ საქმეს აკეთებს თბილისის მერიასთან ერთად.

„მჯერა, მერმა კალაძემ განმარტა თავისი განცხადება. როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოლსონი ჩამოვიდა თბილისში ამ რანგში კავკასიის რეგიონში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, თუმცა მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა თბილისის მერს, კალაძეს.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ როდესაც ის კვლავ ჩამოვა თბილისში, ჩვენ შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები. აშშ-ის საელჩო ბევრ საქმეს აკეთებს თბილისის მერიასთან ერთად და ვფიქრობ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები რამდენიმე ინიციატივაში. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება, ოლსონსა და მერს ექნებათ საუბრის შანსი, როდესაც ის კვლავ ჩამოვა ქალაქში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? -კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე

"ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? არ ვიცი, საერთოდ რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ" - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გუშინ ჟურნალისტებმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. კალაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ასეთი თანამდებობის, თანაშემწის მოადგილის შესახებ არაფერი იცის. „თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ საკითხზე ჟურნალისტებთან დღესაც გააკეთა კომენატრი და აღნიშნა, რომ მას უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მუყენებია. „შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა.

არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. არ ვიცოდი ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები