„კავკასუს ონლაინი“ საცალო მომსახურების ბიზნესს დატოვებს. „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს ბაზრის ეს სეგმენტი რუსულ კომპანია „მობიტელს“ გადასცეს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვა უკვე დაიწყო და სხდომა 9 თებერვალს დანიშნა.
როგორც „ფორტუნას“ კომისიაში განუცხადეს, კომპანიების მიერ კომისიაში შეტანილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას.
საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 9თტებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.