LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კათოლიკურ ეკლესიას სურს, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კეთილდღეობაში”

76

კათოლიკურ ეკლესიას სურს, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კეთილდღეობასა და მშვიდობაში, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა:

 მოთმინება და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, ეგზომ რომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადოებას. ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ.

საამისოდ კი, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება. ვისურვებდი, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადამიანების მდგომარეობა, ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები, თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი.

რომის პაპმა მიმართვისას აღნიშნა, რომ კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ამ მიწაზე და განსაკუთრებული ძალისხმევით მოღვაწეობს ადამიანის განმავითარებელ თუ საქველმოქმედო სფეროებში და მოზიარეა ქართველი ხალხის სიხარულისა თუ საფიქრალისა, სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან:

ამავე დროს მუდამ თვალწინ უნდა გვედგეს ტანჯული ადამიანი, რათა თავდაჯერებით ვიაროთ მშვიდობის, მშენებლობის ძნელად სავალ, მაგრამ მიმზიდველ და განმათავისუფლებელ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ იგი კვლავაც შეიტანს თავის ბუნებრივ წვლილს ქართული საზოგადოების ზრდაში, ჩვენი საერთო ქრისტიანული ტრადიციების დამოწმების, უპოვართა სასიკეთოდ გაწეული ძალისხმევის გზით და უძველეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის სხვა რელიგიურ საკრებულოებთან განახლებული დიალოგისა და განმტკიცებული ურთიერთობების მეშვეობით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მომადლოს მას მშვიდობა და კეთილდღეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები