დღეს „წითელი პარასკევია “, ტაძრებში გარდამოხსნის წესისთვის ემზადებიან. მარხვის ყველაძე მძიმე დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება და ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს .
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. მსახურება 14:00 საათზე დაიწყება ,რადგან ბიბლიის მიხედვით იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
გარდამოხსნის წესისთვის მზადება ტაძარში უკვე დაწყებულია . მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, მზადდება. საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.
შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.