სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
იოსელიანი წერს, რომ მსგავსი რამ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება.
„ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე,“- წერს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილს დღეს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაესხნენ თავს. როგორც ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, უცნობმა მოქალაქემ დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.