LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის ღია შანტაჟი“ – როგორ ეხმაურებიან თბილისში მედვედევის განცხადებას 

182
Untitled design (1)

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმად, „თუ საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს, შესაძლებელია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა განხორციელდეს“, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება უკვე მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი:

„ამ განცხადებას ძალიან სწრაფად და ძალიან მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდნენ ოფიციალური უწყებები და ველოდები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, ისე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს, რადგან ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ვხედავთ გაჩუმებულ „ქართულ ოცნებას“, რომელიც დასავლეთის ნებისმიერ მეგობრულ და პარტნიორულ განცხადებას ამ განცხადებისგან განსხვავებით მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე.

რაც შეეხება თარიღებს, შევახსენებ რუსეთს და მის თითოეულ წარმომადგენელს, რომ რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წელს, ან 90-იან წლებში დაიწყო, არის რუსული პოლიტიკის ხელწერა, თუმცა, მსოფლიომ კარგად იცის ამ ისტორიის დასაწყისი და ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი საერთოდ არ იყო შექმნილი, როცა რუსეთი ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც გააუქმა კიდეც საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ერთად.

ეს არის მოცემულობა, რომელსაც მედვედევის და სხვების ვერც ერთი განცხადება ვერ გადაწერს. საქართველოს აქვს არჩეული ევროატლანტიკური კურსი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი:

„რა შეიძლება გააკეთოს ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ, ამას ნამდვილად არავინ არ ელის. ეს არის ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება პუტინის, თუნდაც მედვედევის და სხვა ამ კრიმინალი ადამიანების მხრიდან, რომლებიც, ფაქტობრივად, აგრესორები არიან და მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს აზიანებენ.

ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ის მაამებლური განცხადებები, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა მედვედევმა და არა საქართველოს რეალური პოზიცია, რომელიც დამოუკიდებლობისკენ და ევროპული მომავლისკენ უნდა მიისწრაფვოდეს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია:

„მედვედევის მიერ გაცხადებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიერთების მუქარა არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს ღია შანტაჟი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. განცხადება ღიად გამოხატავს იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთი აწარმოებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება და ნაბიჯები. პირველ რიგში, უნდა ეცნობოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მზადდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია.

ინალ არძინბას ხელმძღვანელობით, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, უნდა დაიწყოს გამოძიება და ისინი იქნენ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნილებად.

უნდა დაიწყოს ინტენსიური დიალოგი აფხაზეთის მოსახლეობასთან მესიჯებით, რომ რუსეთთან შეერთების შემთხვევაში ისინი კარგავენ თვითმყოფადობას და მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი საქართველოსთან თანაცხოვრება, ევროკავშირში გაწევრიანება და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. შესაბამისმა სამსახურებმა, მათ შორის ქართულმა სპეცსამსახურებმა უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, რომ თავიდან იქნეს აცილებული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია“, – ამბობს პაატა დავითაია.

დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან“.

„საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური.

ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელია განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი:

„ვერც რუსეთის ფედერაციის რომელიმე თანამდებობის პირის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ საქართველოში არ დავუშვებთ უკრაინიზაციას, რაც გულისხმობს, რომ ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესს ხედავს უკრაინის ომში, რასაც, სამწუხაროდ, ეწირება უკრაინის სახელმწიფო, უკრაინელი ხალხი, უკრაინის ეკონომიკა, მომავალი და ა.შ.

საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ, მიუხედავად იმისა, როგორი მაპროვოცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მედვედევი იქნება ეს, რუსეთის, თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავგმობთ და შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი, თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ..

ის, რომ საქართველოს დღეს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, პირველ რიგში, არის ქართული საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დამსახურება და იმის დამსახურება, რომ „ხალხის ძალამ“ სწორი ინფორმაცია სწორად მივაწოდეთ საზოგადოებას იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს თავზე იყო“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე:

„რუსული დაკვეთაა საქართველოს დისტანცირება ყველა საერთაშორისო ფორუმიდან, მისი იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს. ეს არის გეგმა – საქართველო პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე. როგორც 1921 წელს მოახდინა რუსეთმა ოკუპაცია, ისე რომ მოკავშირე არ გვყავდა, ასეთივე სცენარით უნდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა. ჩვენ ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ მიმდინარეობს შეთქმულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამას ვხედავთ ახლა ჩვენ. ეს (საგარეო უწყების განცხადება) არის სპეკულაცია, ისევე, როგორც მაჭარაშვილი საუბრობდა უცხო ქვეყნების ინტერესებზე და არასდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს რუსეთზე, როგორც დამნაშავის, ბავშვების მკვლელზე. საქართველო თუ პარტნიორების გარეშე დარჩება, ადვილი ნადავლი გახდება რუსეთისთვის და ამაზე მეტყველებს მედვედევის დღევანდელი განცხადებაც.

რა მოგვიტანა „ქართული ოცნების“ კუდის ქიცინის პოლიტიკამ? მედვედევმა რა არ თქვა, რომ აფხაზეთს შეიერთებს? მაჭარაშვილი რომ ამბობს, უკრაინიზაციას არ დავუშვებთო, უკრაინელებს უნდოდათ ომი?! უკრაინელები შეიჭრნენ მოსკოვში?! მათი განცხადებები მაგონებს წყალში ნაფოტზე მყოფ ჭიანჭველებს – ჰგონიათ რომ პროცესს რაღაც მიმართულებას აძლევენ.

ასეთია მაჭარაშვილის განცხადებაც, რომ ომის აცილება შეუძლია. ვინ ეკითხება მაჭარაშვილს – პუტინი ეკითხება მაჭარაშვილს?! თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის კუდის ქიცინის გამო იტყვის ამაზე უარს?! თავისუფლების გარანტი დასავლელი პარტნიორები არიან, ვისგანაც დისტანცირებას ყოველდღიურად ახდენს ე.წ. ქართული ოცნება, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინტერესს საქართველოში,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, დმიტრი მედვედევმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას თქვა:

„მზად ვართ, მოვაგვაროთ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების მიხედვით, მაგრამ თუ ჩვენი ეს შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ შევყოვნდებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ეს შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები