კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ევროკავშირიდან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება“.
„ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება. ესპანეთი ჩვენს ერთადერთ პარტნიორად რჩება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ „არავინ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას“.
გერმანია ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
„ესპანეთის მთავრობა არ სცნობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივ აღიარებას“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
„აშშ-ს დიდი მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ნატო-ს ფარგლებში ჩვენს მოკავშირესთან, ესპანეთთან. კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია და აშშ მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ საკონსტიტუციო ზომებს, რათა ესპანეთი ძლიერი და ერთიანი დარჩეს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დღეს კატალონიის პარლამენტმა კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.
დღესვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.