LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასიანოვი: კანდიდატის სტატუსი ავანსი არ არის, უკრაინელები ევროპისა და დემოკრატიისთვის სიცოცხლეს სწირავენ

65
ანდრი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ავანსად არ მიუღია და აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა.

როგორც ანდრი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინა ევროპის გაძლიერებაში საკუთარ წვლილს შეიტანს:

“ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინა ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

ევროკავშირი იცვლება, ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და საკუთარი ღირებულებების დასაცავად, ნაკლებად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. უკრაინა თავის წვლილს შეიტანს ევროპის გაძლიერებაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება, ევროპა და მსოფლიო”, – თქვა კასიანოვმა.

მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ასევე სწრაფად გახდება ევროპის სრულფასოვანი წევრი:

“ჩვენ გვაქვს სრული გაგება, რომ იმ ამოცანების შესრულება, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, სჭირდება არა ევროკავშირს, არამედ ჩვენს ხალხს. უკრაინას უკვე შეაქვს თავისი წვლილი ევროპული ოჯახის გაძლიერებაში. უკრაინა აძლიერებს მის უსაფრთხოებას. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შთააგონებს უკრაინელ ხალხს რუს აგრესორთან ბრძოლის ფონზე”, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოლდოვას და უკრაინას ჰქონდა აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით და, რეალურად, ამ ქვეყნებს სტატუსს ავანსად აძლევდნენ.