კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობას მოუწოდებს, მას ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მისცეს. ამის შესახებ მან Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნება, ცოტა ხნის წინ არჩეული რეგიონალური პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე სურს, რომელიც 23 იანვარს გაიმართება.
“ეს ესპანეთისთვის კარგი ახალი ამბავი იქნებოდა”, – განაცხადა პუჩდემონმა.
პუჩდემონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რეგიონალური მთავრობის პრეზიდენტად რჩება. მან დასძინა, რომ მზად არის მოუსმინოს მადრიდის ნებისმიერ წინადადებას, მაშინაც კი, თუ ის კატალონიის დამოუკიდებლობას არ ეხება.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, კატალონიის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმში, პლებისციტის მონაწილეთა 90.18% -მა მხარი რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას დაუჭირა. ამომრჩეველთა აქტივობა 43% იყო. არჩევნები სამართალდამცავებთან შეტაკებებში გადაიზარდა, რომლებმაც საარჩევნო უბნების ნაწილი დაბლოკეს. ინციდენტის შედეგად 893 ადამიანი დაშავდა.