LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა

83
კარლ ჰარცელი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც გასულ თვეში, ჩემი არყოფნის დროს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე გამოვხატე ინტერესი, თუ როგორ წარიმართება პროცესი მომავალში წარსულში ნასწავლი გაკვეთილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად წარიმართა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესის შესახებ ჩემი არყოფნის დროს ჩემი სახელით გაკეთდა კომენტარი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო გასაკვირი და დაჩქარებული პროცესი არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების გამოც, ვინაიდან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს დემოკრატიის შენება დემოკრატიულ ინსტიტუტებში.

ჩვენ, ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტირებას ამ სამსახურში, ასე, რომ სათანადოდ გვესმის, რას ნიშნავდა ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები