ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს. როგორც ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებამ პანდემიის შესახებ არადადასტურებული და არაოფიციალური ინფორმაციები „არ უნდა წაიკითხონ“.
მისივე განმარტებით, „ასე დაუბრუნება საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს“.
„კარგო ადამიანებო! ჩემი რჩევაა, მიუხედავად კოვიდ-19-ისა, იცხოვრეთ მშვიდად, აკეთეთ თქვენი საქმე, დაიცავით ეს მარტივი წესები, აიცერით, ნუ იკითხავთ არადადასტურებულ, არაოფიციალურ ინფორმაციებს პანდემიის შესახებ, უსმინეთ ოფიციალურ პირებს, რაც მთავარია, აიცერით, ნუ გეშინიათ ამა თუ იმ ახალი ვარიანტებისა და ასე შემდეგ.
ასე დაუბრუნება საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. ნუ აჰყვებით დამაბნეველ, დაუსაბუთებელ თეორიებს. გაიმარტივეთ ცხოვრება, მიუხედავად პანდემიისა. პანდემია შეგეხებათ იმდენად, რამდენადაც საკუთარ თავში შემოუშვებთ შიშებს.
ანუ დაიცავით ყველაფერი, აიცერით, ნუ დაიწყებთ ვირუსოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესწავლას (ამას თქვენ მაგივრად სხვები აკეთებენ).
და იცხოვრეთ სრული სიცოცხლით, ოღონდ გარკვეული დროებითი სახეცვლილებებით!
და დანარჩენი უკვე განგების ხელთაა, ის კი არასოდესაა ბოროტი!“, – წერს უჯმაჯურიძე.