LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები და პედაგოგები მეტყველების სავალდებულო ტრენინგს გაივლიან – გუგული მაღრაძე

99

დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტებმა და პედაგოგებმა სპეციალური სავალდებულო ტრენინგი უნდა გაიარონ. ამის შესახებ მან პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ.

მისი თქმით, გამართული მეტყველების კუთხით დეპუტატებსაც აქვთ პრობლემები და მსგავსი სახის ტრენინგი მათაც ესაჭიროებათ.

„კარგი იქნება, თუ გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტები და მასწავლებლები წელიწადში ერთხელ მაინც სპეციალურ სავალდებულო ტრენინგს გაივლიან. ამ ადამიანებს ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებაზე, ამიტომ პირველ რიგში, ისინი თუ გაივლიან მსგავს ტრენინგს და აიღებენ სერტიფიკატს ძალიან კარგი იქნება. მეტყველების დროს შეცდომები ჩვენც გვიჭირს პარლამენტარებს, ამიტომ დეპუტატებიც, ვინც ხშირად ვჩანვართ მედიაში და მივმართავთ მოქალაქეებს, კარგი იქნება თუ მსგავს ტრენინგს გავივლით, რადგან ეს გვჭირდება,“ – განაცხადა მაღრაძემ.

აღნიშნული შეთავაზებით უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გიორგი ალიბეგაშვილს მიმართა. ალიბეგაშვილის განცხადებით, დეპარტამენტი ამ მიმართულებით რესურსების მოძიებაზე მართლაც ფიქრობს.

„სკოლებში სწავლების დროს მართლაც ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ეს არის სათავე იმ პრობლემებისა, რასაც შემდგომ ვიღებთ. იგივე პრობლემა გვაქვს ჟურნალისტებთანაც. ამიტომ შეიძლება ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ. ამასთან აღარ იყოს ტერმინოლოგიის აღრევა. ამას წინათ, ვუყურებდი ჩვენს საამაყო რაგბისტებს და კომენტატორმა აღნიშნა, რომ კრეატიული რაგბისტიაო. აქ სწორედ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნის პრობლემაც არის. ეს სიტყვებით კეკლუცობაა, რაც საბოლოო ჯამში ენას აზიანებს, რადგან იგივე ამ მატჩებს ძალიან ბევრი ახალგაზრდა უყურებს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

როგორც სხდომაზე დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა აღნიშნა, მსგავსი შეცდომები პარლამენტარებსაც მოსდით.

„არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, მაგრამ მაგალითად, იყო შემთხვევა როცა ქალბატონი დეპუტატი იდგა ტრიბუნასთან და ამბობს ასეთ რამეს  – მე აღარ განვმეორდებიო. კი ბატონო, იყოს განუმეორებელი, მაგრამ აუცილებელი ხომ არაა ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გვითხრას. ესეც ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება და სიტყვებით კეკლუცია“, – განაცხადა ჭკუასელმა.