გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს და აქვეყნებს ფოტოებს, როგორი იქნება ბაღი განახლების შემდეგ.
“მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს – ჩემი და ალბათ თქვენი სტუდენტობის დროინდელი თავშეყრის ადგილი, გეგეშიძის ბაღი მალე ისევ იქცევა ყველასთვის საყვარელ ადგილად.
ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო – განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი; მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი; გაკეთდება სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნარგავები.
სიახლე იქნება შადრევანი.
რაც მთავარია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება.
ბაღში დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა”- წერს თოქმაჯიშვილი.