სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური კარადები მოეწყობა – ეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივაა. მისი განმარტებით, შესანახი კარადები ჩანთების წონის განსატვირთად ერთ-ერთი საშუალება იქნება.
როგორც ჯეჯელავა ამბობს, სამინისტროში უამრავი საჩივარია შესული იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში, ბავშვების სასკოლო ჩანთა უფრო მძიმეა, ვიდრე თავად ბავშვები.
„ზოგიერთ მოსწავლეს, ვისაც აქვს საშუალება, შეუძლია წიგნები სახლიდან არ ატაროს სკოლაში, არამედ, შეინახოს კარადაში, რაც შეამსუბუქებს ჩანთას. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მშობლებმაც და პედაგოგებმაც, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოს გადაცემა ამას არ მოაგვარებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტრო კომპანია Microsoft–თან ერთად ელექტრონული წიგნების შექმნაზე მუშაობს.
ჯეჯელავას თქმით, ელექტრონული სახელმძღვანელოები მომავალი სასწავლო წლიდან გამოჩნდება და მშობელი თავად გადაწყვეტს საიდან ისწავლოს მისმა შვილმა – ელექტრონული სახელმძღვანელოდან თუ ფურცლიდან.
“ჩვენთვის მთავარია არა დრო, არამედ ხარისხი. ამის გამო, ჩვენ ეს პროცესი ერთ წელზე გადავანაწილეთ. გვინდა რომ ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები მივიღოთ. წელს ელექტრონული წიგნები უკვე ხელმისაწვდომი იქნება პედაგოგებისა და სპეციალისტებისთვის; მომავალ წელს კი მოსწავლეებისთვისაც”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ სასკოლო ჩანთების შემსუბუქებისთვისაა, არამედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, პროგრამის განტვირთვისთვისაც.
ჯეჯელავა თვლის, რომ სკოლის მთავარი მიზანი, სრულფასოვანი და ბედნიერი პიროვნების ჩამოყალიბებაა.
მშობლებსაც იგივე სურთ და ბავშვების ჩანთების შემსუბუქება მათთვის დიდი შვებაა.
“მეხუთე კლასელია ჩემი შვილი და იმხელა ჩანთა აქვს, რომ მას კი არა მეც კი მიჭირს სკოლამდე მისი მიტანა. ჩემ პირველ შვილს ამ მძიმე ჩანთის თრევისგან ხერხემლის გამრუდება დაემართა. ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცა არ მინდა მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და პლანშეტს მიეჯაჭვონ ბავშვები”, – განაცხადა ჩვენთან ერთერთმა მშობელმა.
ზოგს ჩანთის მანქანიდან სკოლამდე მიტანა უჭირს, ზოგს კი მძიმე ჩანთით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.
მაგალითად, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, ბავშვები მძიმე ზურგჩანთებით ყოველდღიურად ისეთ გზას გადიან, ჩანთის გარეშეც რომ რთული გასავლელია.
ამ სოფლის მცხოვრები ჩვენთან ამბობს, რომ ეს პროგრამა ბავშვებისთვის ნამდვილად ძალიან კარგი იქნება.
“წარმოუდგენელ ენერგიას ხარჯავენ მხოლოდ გზაში, კარგი იქნება თუ ჩანთები შეუმსუბუქდებათ, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ საღამოს კომპიუტერთან მოუწიოთ ჯდომა. შეიძლება თავიდან მობილიზება გაუჭირდეთ, მაგრამ ნამდვილად კარგი ინიციატივაა”, – განაცხადა მან “ფორტუნასთან”.
საქართველოში სკოლაში სწავლა სქელი წიგნების, ასეთივე სისქის რვეულებისა და გამრუდებული ხერხემლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ახალი ინიციატივის სწორად განხორციელებამ, თავისუფლად შეიძლება სასწავლო წლები ნაკლებად პრობლემური და უფრო მოქნილი გახადოს.
თამთა უთურგაშვილი