თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისი, რომელიც კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტია, კლინიკამ დაწესებული ახალი რეგულაციის გამო ვერ მიიღო.
მის ვრცელ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“მამაჩემს გულის პრობლემები აქვს. ბოლო წლებში იმდენად გაუმწვავდა, რომ წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს
მამის ჰოსპიტალიაცია.
დღეს დილით, ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდა, როგორც წინა შემთხვევებში. საჭირო გახდა მამას ჰოსპოტალიზაცია. წავიყვანეთ ზუსტად იმავე კლინიკაში, სადაც მკურნალობს ხოლმე, რადგან მამას ისტორია ისედაც ზეპირად იციან იქ.
კლინიკაში შესვლისას გაუზომეს სიცხე. ჰქონდა 37-ზე ოდნავ მეტი. კოვიდის რისკის გამო კლინიკაში მამა ვერ დააწვინეს. ახალი რეგულაციებით, თუ პაციენტს აქვს სიცხე, მაშინ უნდა მოვიტანოთ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი და შემდეგ დააწვენენ. ცხადია საავადმყოფოს არაფერს ვერჩი. კანონი კანონია. იქვე მითხრეს, რომ ეს ახალი რეგულაცია ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, თორემ აქამდე, კარდიოლოგიური პრობლემების მქონდე პაციენტს თუ ტემპერატურა უწევდა, საავადმყოფო თავად იძახებდა ლაბორატორიას და პასუხის მოსვლამდე აგრძელებდა პაციენტის მკურნალობას. ახლა ეს რეგულაცია შეიცვალა და თუ პაციენტს აქვს სიცხე, კლინიკას არ აქვს უფლება, რომ მიიღოს და დააწვინოს. ვუთხარი, რომ ჩემი სახსრებით გამოვიძახებდი კერძო ლაბორატორიას. საავამდყოფოს ადმინისტრაციამ აქაც დანანებთ მითხრა, რომ რეგულაცია ამასაც ზღუდავს.
შეგახსენებთ, რომ მამას არ აქვს კოვიდის სიმპტომები. აქვს გულის მწვავე უკმარისობა, რომელიც პერიოდულად ისედაც აწუხებს.
საავამდყოფოში მიყვანილი მამა წავიყვანეთ სახლში და გამოვიძახეთ სასწრაფო.
სასწრაფოს ექიმმა, დროულად უნდა გადაიყვანოთ რომელიმე კარდიოლოგიურ კლინიკაშიო. მოვუყევით დილის ამბები. გაუზომეს სიცზე. სიცხე აღარ ჰქონდა, თუმცა, ექიმმა გვირჩია, ვაიდა ისევ აეწიოს ოდნავ, ტყუილად რომ არ წავიყვანოთ გულის კლინიკაში, ისეთი საავადმყოფო მოვძებნოთ, სადაც ცხელების ცენტრიცაა და კარდიოლოგიც ჰყავთო.
ცხელების ცენტრი იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში სიცხიან პაციენტს არ შეუშვებენ და ცხელების ცენტრი შეუშვებს და ტესტაც აუღებს. სასწრაფოს ექიმმა, ამას გადამანაწილებელი მენეჯერი წყვეტს, დავურეკავ და ის გვეტყვის, რომელ საავადმყოფოში უნდა გასავიყვანოთო. მენეჯერმა 45 წუთის განმავლობაში არ უპასუხა ტელეფონს. ვისხედით და ველოდებოდით. და როცა მენეჯერმა ყურმილი აიღო, ექიმს შესთავაზა კლინიკა, სადაც კარდიოლოგიური განყოფილება არ აქვს.
ექიმაა უთხრა, რომ პაციენტს ახლა ყველაზე მეტად კარდიოლოგი ჭირდება, რადგან აქვს უკმარისობა და ცხელების ცენტრში გადაყვანას არ აქვს აზრი, იმიტომ, რომ არ აქვს ვირუსის სიმტომები პერიოდული დაბალი სიცხის გარდა. იმან იქიდან, ასე გადანაწილდა და რა ვქნაო.
ანუ, მამას, რომელსაც აწუხებს გული:
გულის კლინიკა, რომელსაც არ აქვს ცხელების ცენტრის სტატუსი მამაჩემს ვერ იღებს, რეგულაციების გამო;
მულტიპროფილურ საავადმყოფოებში, სადაც ცხელების ცენტრიცაა და კარდიოლოგებიც ჰყავთ, ადგილები არაა;
უბრალო ცხელების ცენტრი ვერ დაგვეხმარება.
მაინც ჩავისვი მანქანაში და მივადექით რამდენიმე ცენტრს, სადაც ვიცით, რომ ორივე სტატუსი აქვს (გული, ცხელება), თუმცა, ყველგან გვითხრეს, რომ არ აქვთ ადგილები. და მართლა არ აქვთ, ბევრ ადამიანს, ვისაც ხელი მიუწვდება გადავამოწმებინე.
გამოვიძახე კერძო ლაბორატორია. რომელსაც 3 დღე სრულად ჰქონდა შევსებული, მაგრამ ბევრი თხოვნის და კარგი მეგობრების წყალობით გამოძებნეს დამატებითი რესურსები და მოვიდნენ სახლში ტესტის ასაღებად. ასევე მათი დახმარებით, ტესტის პასუხი იქნება ხვალ. უარყოფითის შემთხვევაში (იმედი მაქვს ასეც იქნება), უკვე მამას ექნება უფლება დაწვეს ნებისმიერ კარდიოკლინიკაში.
დღეს დილიდან ვაკატავებ მამაჩემს მანქანით, იმიტომ, რომ ორი რეგულაცია ერთმანეთს შეასკდა და ისეთ ჩიხში შევიდა, თეორიული გამოსავალიც არ დატოვა.
ვართ ასე. ტესტის პასუხებამდე სატელეფონო კონტაქტზე კარდიოლოგთან. არც ისე მსუბუქი პაციენტი გვიწევს სახლში, რომელსაც კანონმა საავადმყოფოში დაწოლის უფლება შეუზღუდა. იმედი მაქვს მშვიდად გადავიტანთ ამ ღამეს.
ძალიან ვნერვიულობ და ძალიან გაბრაზებული ვარ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ახლა მთავარია ტესტის პასუხი მოვიდეს და მერე მამას ვუმკურნალოთ”- წერს ბექა კოკაია.