ყველამ იცოდეს, რომ არავის ეპატიება გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე, საგამოძიებო სამსახურის მიერ კორუფციის ბრალდებით საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის პრინციპული იქნება ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს.
„რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით. ჩვენ, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე ამაზე გავამახვილე ყურადღება და ყველა გავაფრთხილე, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვებრძოლოთ კორუფციას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ასეთი საქმეები.
ერთი იცოდეს ყველამ, რომ არავის არ ეპატიება გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა. გთხოვთ ყველას, მოგიწოდებთ, რომ თქვენი თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთ ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ვემსახურებით თბილისელებს. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ყველამ უნდა გაითავისოს. თუ ვინმეს რაიმე უჭირს, დახმარება სჭირდება, მზად ვართ, რომ ჩვენ თანამშრომლებს ხელი შევუწყოთ.
უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენ თანაშრომლებსაც, ვისაც უჭით და პრობლემები აქვთ, ექნებათ ხელშეწყობა და თანადგომა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევის გზით, ქრთამის აღებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის პრინციპულები ვიქნებით ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.