LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა“ – ეს ვკითხო ნედ პრაისს?!“ – ყაველაშვილი

141
Untitled design (16)

ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს?! ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია, პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს? – „კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა“ – ეს ვკითხო ნედ პრაისს?!,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის“ თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ნედ პრაისის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ყაველაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„ნედ პრაისის განცხადებას რაც შეეხება, მიუხედავად პატივისცემისა და ამას ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც დეტალურად ვუხსნით საზოგადოებას და ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ ბრიფინგი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას.

მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი და შეგვიძლია ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ საზოგადოებას (ქართული და ამერიკული), ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და შეუძლია საზოგადოებას, რომ თავად განსაჯოს, თუ რას ვგულისხმობთ. აქ იქნება პუნქტობრივი განხილვა, პარლამენტში და ყველას შეეძლება (ნახოს). არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ არის გამჭვირვალობაზე საუბარი და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები.

ვერ ვიგებ ასეთ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნის და ასეთი დიდაქტიკური დამოკიდებულებაა და მოწოდებები კეთდება, რომ იზღუდება ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი… მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვდგამთ. მე შევთავაზე საზოგადოებას ორივე კანონპროექტი, ამერიკული და ჩვენი, საზოგადოებამ შეადაროს. ბევრად ლიბერალური მიდგომაა ჩვენს კანონპროექტში”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ სად მოისმენენ საზოგადოების აზრს ამ პროექტზე ან რამდენად ექნებათ კონსულტაციები ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან და თავად პარტნიორებთან, რომლებსაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ პროექტთან მიმართებით, ყაველაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობა სწორედ საზოგადოების არჩეულია და გაუგებარია კომუნიკაცია ვისთან უნდა ჰქონდეს.

„საზოგადოება შეაფასებს – საზოგადოების არჩეული ვართ ჩვენ, უმრავლესობა, ეს არ არის საკმარისი? პარლამენტი რისთვის ფუნქციონირებს, კანონის ინიცირება სად უნდა მოხდეს, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით, აბა თქვენ რას გულისხმობთ, რომ ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს? ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია? (პარტნიორებთან) რატომ უნდა მქონდეს? ჩვენი კონსტიტუცია წაიკითხეთ,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

კითხვაზე, რომ კონსტიტუციაში გაწერილია ქვეყნის ევროპული კურსი და დაზუსტებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის, ხოლო როცა კრიტიკა გამოითქმის, რამდენად ფიქრობს, რომ დამატებით კონსულტაციებია საჭირო საერთაშორისო პარტნიორებთან, ყაველაშვილი პასუხობს:

„ეს არ ნიშნავს, რომ ნედ პრაისს დავურეკო, რომ კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო“.

ცნობისთვის, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები