კანის საერთაშორისო ფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრისთვის ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე“ შეირჩა. „კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრა“ კანის ფესტივალის შესარჩევი კონკურსია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია. ფესტივალის პროგრამა შედგება რვა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან, რომლებიც იქნა შერჩეული საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით.
შერჩეული ფილმები ორი პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებენ : ჟიურის გრან-პრი და ფრანსუა შალეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის. ჟიურის წევრები არიან ბერნარ დე ლა ვილარდიერი (ჟურნალისტი და ტელე-რადიო წამყვანი), კაროლინ დერუა (სცენარისტი, მსახიობი, რეჟისორი), ლუ-დენი ელიონი (მსახიობი), ოლივიერ გრენსონი (კომიქსების ავტორი), ბობ სვაიმი(რეჟისორი, სცენარისტი).
„დედე“ სვანი გოგონას სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. კინოსურათის უმეტესი ნაწილი სვანურ დიალექტზეა. ფილმის მსოფლიო პრემიერა სამი თვის წინათ შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელიც გახდა.
„დედე” მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას” სრული ვერსიაა. „დედე” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელჭელიძე ასრულებენ.
კანის საერთაშორისო ფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრა 2017 წლის 20-26 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალის პრეზიდენტი წელს ჩეკი კარიო იქნება.