LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანაფის კულტივირების კონსტიტუციის დონეზე აკრძალვას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

102

კანაფის დათესვა-კულტივირების კონსტიტუციის დონეზე აკრძალვას და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა ბურჭულაძე, გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, კობა ნაყოფია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ბაჩუკი ქარდავა, ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, შოთა მალაშხია, ნიკა მელია, გიორგი ბოტკოველი და სხვები.

სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივას „პოპულისტური“ უწოდა და როგორც განაცხადა, მათ მიზანს არჩევნების წინ პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭა წარმოადგენს.

„200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას მოქმედები კონსტიტუციის იმ მუხლში ცვლილებასთან დაკავშირებით აპირებენ, რომელიც ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, აღარ იარსებებს. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი აბსურდი,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, კანაფის მოყვანა-ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვა, არის გარანტია, რაც ხელისუფლებას „ამ გიჟურ იდეაზე ხელს ააღებინებს“.

„პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “ქართულმა ოცნებამ“ ხელი არ აიღო იმ განზრახვაზე, რომ საქართველოში მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი დაიწყოს. მათ პარლამენტიდან არ გაიწვიეს შესაბამისი კანონპროექტი. „ქართულმა ოცნებამ“ ინიცირებული პროექტის განხილვა მხოლოდ ორი თვით გადადო და ახლა არჩევნების შეგდებს ელოდება. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი, პარლამენტს მივმართავთ, რათა მივიღოთ ბლანკები 200 ათასი ადამიანის ხელმოწერის შესაგროვებლად. ხელისუფლებას საზოგადოებამ თავისი ძალა უნდა აჩვენოს. კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელშიც უნდა აისახოს ამ საკითხზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხება. კანაფის, მარიხუანას და სხვა ნარკოტიკების კულტივაცია, ექსპორტი და ბიზნესის წარმოება, რაც ერთი ადამიანი ხელში იქნება, საზოგადოებრივ დაკვეთას უგულებელყოფს,“ – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები