LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძეს “ყაზტრანსგაზისა” და “ინტერ რაოს” საქმეებზე დადებითი მოლოდინი აქვს

66

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზისა” და “ინტერ რაოს” საქმეებზე შესაძლოა არბიტრაჟი საჭირო არ გახდეს. როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

,,ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა და მივესალმებოდით, თუ ყაზახები დაბრუნდებოდნენ კომპანიაში და გააგრძელებდნენ ამ კომპანიის მართვას. თუმცა მათი მხრიდან გარკვეული შეფერხებები არსებობს, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები. ვნახოთ, შეიძლება არბიტრაჟი არც დაგვჭირდეს”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია “ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. კომპანია აპროტესტებს 2009 წელს “ყაზტრანსგაზ თბილისში” სპეციალური მმართველის დანიშვნას და მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა “ყაზტრანსგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

რაც შეეხება „ინტერ რაოს” ნიდერლანდურ სტრუქტურებს, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. „ინტერ რაო”-ში ათეულობით მილიონობით ზარალზე საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები