LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის და 100 000 ლარს ითხოვს – რას პასუხობს ჟურნალისტი დედაქალაქის მერს

1127
მაია და კახა

თბილისის მერი „ტვ პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის. კახა კალაძე სამართლებრივ დავას იწყებს და მოპასუხისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვს.

მერის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა გაახმოვანა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა თქვა – “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

ადვოკატ გაბუნიას თქმით, ჟურნალისტის განცხადება მიზნად ისახავდა კალაძის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის შელახვას.

„სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.

გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზედაც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი ,,ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით, კალაძემ 20 ივნისს მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო შესაბამისი სარჩელი ,,ტვ პირველსა” და მაია მამულაშვილს 24 აგვისტოს ჩაბარდა. ადვოკატის თქმით, მათ წერილობითი პასუხის წარმოსადგენად 3 დღე დარჩათ.

კალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მედიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს – “იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – ამბობს მერი კალაძის ადვოკატი გაბუნია.

კალაძის ადვოკატის განცხადებას ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა განცხადებით უპასუხა:

„როცა მედიასაშუალებებზე ვსაუბრობთ, ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს შიდა რეგულაციების ორგანო და ეთიკის ქარტია. შესაბამისად, პირი, რომელსაც აქვს კითხვები ან მოსაზრება, ან პრეტენზია მედიასაშუალებით გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მან პირველ რიგში უნა მიმართოს შიდა რეგულირების ორგანოს და ასევე ეთიკის ქარტია, რაც კახი კალაძეს არ გაუკეთებია.

მან მიმართა პირდაპირ სასამართლოს და დაიწყო სამართლებრივი დავა, მან პირდაპირ მოითხოვა ტელევიზიის ფინანსური სანქცირება და 100 ათასი ლარი.

რაც აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ მას აქვს ერთადერთი მიზანი – ფინანსური ზიანი მიაყენოს „ტვ პირველს“ და მე, არხის ჟურნალისტს.

ინფორმაცია, რაზედაც ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა ბრიფინგებსა თუ გადაცემებში ჩემ მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი, ეს არ ყოფილა არც საინფორმაციო გამოშვებაში, ეს ინფორმაცია არც ედიტორიალში გასულა, ეს იყო მსჯელობის დროს ნათქვამი, რაც თავის მხრივ საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს და განცხადებებს ეყრდნობოდა,“ – აცხადებს მაია მამულაშვილი.

კახი კალაძის ტვ პირველის წინააღმდეგ სარჩელს უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს “ტვ პირველის” იურისტი, ქეთევან ზანდუკელი:

„მაია მამულაშვილის მიერ არ მომხდარა კონკრეტული განცხადების გავრცელება. განცხადება გავრცელდა ერთი წლის წინ 2019 წლის 18 მაისს და მას შემდეგ არაერთმა წყარომ და არაერთმა პირმა საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია გაავრცელა, გაიმეორა და ა.შ.

შესაბამისად საზოგადოებაში უკვე იყო შექმნილი აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი და მოსაზრება, რაც მაია მამულაშვილმა გადაცემის ფარგლებში, დებატებში კითხვა-პასუხის დროს ეს ინფორმაცია გაიმეორა.

შესაბამისად, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ იქნება მიჩნეული, რომ მაია მამულაშვილმა განცხადების გავრცელება მოახდინა, რომელმაც თავის მხრივ კახი კალაძის პატივისა და ღირსების შელახვა შეძლო.

ეს არის დაუსაბუთებელი მოთხოვნა და მიმართულია ტელევიზიის დისკრიმინაციისკენ, მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ, რაც ტელევიზიას ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ჩააგდებს.

ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი ფინანსური ტვირთი. როდესაც ადამიანს ნამდვილად სურს, რომ თავისი პატივი და ღირსება აღიდგინოს, კახი კალაძეს ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მარტივი პროცედურის გამოყენებით, შეეძლო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიემართა,“  – აცხადებს „ტვ პირველის“ იურისტი ქეთევან ზანდუკელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები