თბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებული ვითარებით კმაყოფილი არ არის.
კახა კალაძემ ამის შესახებ დღეს საკრებულოში, ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას ჰპირდება – საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გახდება:
„თქვენ თუ დამისვამთ შეკითხვას, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ კმაყოფილი არ ვარ.
შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. ჩვენ, ყველანაირი თვალსაზრისით, გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ ეტაპს.
თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულება ავიღოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუნდაც ავიღოთ შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის – ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის სიახლეა და შეიძლება არც იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
მე არავის მოვუწოდებ და არ იფიქროთ, რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოვდივარ და მოგიწოდებთ, რომ „მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე“, არა მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა.
ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქის უფლებაა, იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკო-მეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით, თუ ფეხით. ეს მათი არჩევანია. უბრალოდ მე ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იქნება კომფორტული.
რა თქმა უნდა, ღირსეულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და ჩვენ არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით – თქვენს რჩევას დიდი სიამოვნებით მივიღებთ“, – განაცხადა კახა განაცხადა კახა კალაძემ.
იცით, ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! – ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში