თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 160 ერთეული 18-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები შემოვა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა 2024 წლის ბოლომდე.
მისი თქმით, ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებული იყო და გამარჯვებული კომპანიაა „თეგეტა მოტორსი“.
„2023 წლის 15 ივნისს უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით და 160 ერთეული 18-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები დედაქალაქს მიეწოდება. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად.
პირველ ეტაპზე, 2024 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა 2024 წლის ბოლომდე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება.
ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს, განახლებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ავტობუსების გადაადგილება, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მეტი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსები გათვლილია 160 მგზავრზე და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე.
„ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, სალონში გამოყოფილია, ასევე, სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად. გარდა ამისა, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი.
ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც თბილისის კლიმატურ პირობებზე არის გათვლილი. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB დატენის სისტემებით და მონიტორინგის, მართვის და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეო მონიტორინგის სისტემას, ასევე WFI მოწყობილობას“. – განაცხადა კახა კალაძემ.