პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალურ მდივანი კახა კალაძე სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტით, დღეს დილით გაემგზავრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარების იმ ნაწილსაც შეხვდება, ვინც საქართველოს კრიტიკული შეფასება მისცა. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა მოკავშირე პარტიის წევრებთან. კობახიძე-კალაძის შეხვედრა ჩანიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებთანაც.
გამგზავრებამდე პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპარლამენტში გამართავენ შეხვედრებს და იმსჯელებენ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
„სტრასბურგში ვიზიტისას შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.
პარტიის ლიდერების ვიზიტისა და მიზეზების შესახებ ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ და განმარტა, რომ ქართული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას. ვოლსკის თქმით, კალაძე და კობახიძე კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშირებით საკუთარ არგუმენტებს გააცნობენ ევროპარლამენტარებს.
„იქნება კოლეგებთან შეხვედრები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებთან. რეალურ სიტუაციაზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან არ არსებობს თემა, რომელზეც პასუხი არ აქვს ხელისუფლებას. ყველაფერზე იქნება საუბარი, ინფორმაციასაც მიაწვდიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ბრიუსელში, “ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ, სადაც საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იყო. განცხადება, რომელიც პარტიამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, განმარტებულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პარტია იმედგაცრუებულია საქართველოს მმართველი გუნდით და მოუწოდებენ მთავრობას შეასრულოს საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
“ევროპის სახალხო პარტიას” საქართველოს მმართველმა გუნდმა იმედი გაუცრუა
„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მცდელობებისგან, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. განცხადებაში ასევე წერია, რომ ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტონ ოპოზიციის ლიდერების დევნა.