20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა. კახა კალაძე დედაქალაქის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს.
მთაწმინდაზე გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ოპოზიციის ნებრისმიერ კანდიდატს დაამარცხებს.
70 წელს გადაცილებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონი კახი არის კარგი მერი: თენგიზ ცერცვაძე
ცნობისთვის, დღეს "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად კვლავ დაასახელა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს. წარდგენა პარასკევს არის დაგეგმილი.
კალაძის შანსებზე, შეცდომებზე და ოპოზიციის შემხვედრ ნაბიჯებზე „ფორტუნა“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
მელიას აქვს შანსი კალაძე დაამარცხოს, თუ მის გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრი შეიკრიბება?
„ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას აზრი აქვს მხოლოდ მთავარი ამოცანის დროს. თბილისის მერი – არ არის მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა არის 43 %-იანი ბარიერის გადალახვა თვითმმართველობის არჩევნებზე.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა დედაქალაქის მერობა, მაგრამ ეს არჩევანი არ წყვეტს ძალაუფლების ბედს ქვეყანაში. ჩვენთან ხომ ცენტრალიზებული ძალაუფლებაა.
თუ 43% -იანი ძალაუფლება ვერ გადალახა „ქართულმა ოცნებამ“, თბილისის მერი კახი კალაძეც რომ გახდეს, ეს არ გააუქმებს იმ პრობლემას, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ.
თუ ერთი ადგილი აქვთ, პარლამენტში არიან და ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ: ირაკლი ზარქუას აზრით კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს
ზარქუას შეფასებით, კალაძის კონკურენტი დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევებია.
თუ ძალაუფლება დაკარგეს, მაშინ კახი კალაძეც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუნდაც თბილისის მერის პოსტზე, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება მის წინააღმდეგ, რაც თავის დროზე უგულავასთან დაკავშირებით მოხდა.
რას გულისხმობთ, რა შემთხვევის გამო შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე?
რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საქმეზე. საქმეს ვერ მოძებნიან.
ანუ ეს ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია?
ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელიც არის და არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერიის ირგვლივ ინტერესჯგუფები საკმაოდ კარგად ითბობენ ხელს. არსებობს ამის ეჭვი და ეჭვი რადგან არსებობს, ეს უკვე იქნება საფუძველი იმისა, რომ ასეთი საქმეები აღიძვრება, რაც მოხდა თავის დროზე უგულავას შემთხვევაში.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნებს ყოველთვის იგებდა ივანიშვილის ფული, და არა კალაძე, ან კობახიძე, ან რომელიმე პიროვნება…
კალაძე ოდნავ განსხვავდება. გეთანხმებით, რომ ივანიშვილია ძალის ცენტრი, ქართული პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ იქ პოლიტიკური სახე არ უნდა გქონდეს. ეს დასჯადია.
მხოლოდ 2 ადამიანი იყო „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც საკუთარი სახე შექმნა და რომელმაც დააგროვა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი.
ეს იყო გახარია და ეს არის კახი კალაძე, სხვა არავინ არის“.- ამბობს ხუხაშვილი.
რომელი პოლიტიკოსი იქცევა უფრო „ჭკვიანურად“ გახარია თუ კალაძე
„სტრატეგიული გაგებით, რა თქმა უნდა, გახარია უფრო ჭკვიანია, იმიტომ რომ გახარია დამოუკიდებელი მოთამაშეა.
კახი კალაძის პოლიტიკური ტრაექტორია გვაჩვენებს, რომ ის არაა დამოუკიდებელი მოთამაშე. არც ერთი პოლიტიკური ლოგიკით, ის ამ თამაშში არ უნდა დარჩენილიყო. რჩება რაღაც გარემოებების გამო. ის იძულებულია, რომ ითამაშოს ეს თამაში გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად უპერსპექტივოდ, რაც პირადად მისთვის ძალიან სახიფათოა.
გახარია ბევრად უფრო თავისუფალია დღეს ვიდრე კალაძე. კალაძე ჩასმული ჰყავთ ოქროს გალიაში და არსად უშვებენ. მანევრის საშუალება არ აქვს.
ის, არათუ საუკეთესო კანდიდატია „ქართულ ოცნებაში“, არამედ ერთადერთია პარტიაში. მის გარდა არც არავინ ჰყავდათ, რომ კანდიდატურად სხვა ვინმე დაეყენებინათ.
რაც შეეხება შანსებს, კი ბატონო მე შემიძლია ვთქვა, რომ კახი კალაძე მთავარი კონკურენტია. თუმცა, მეორე ტურს ვერ ავცდებით და ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, ფრონტის ხაზის გაშლიდან გამომდინარე, სად წავლენ პირველ ტურში გავარდნილი კანდიდატები. შანსები კალაძის არის უკეთესი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი დინამიკაში უნდა განვიხილოთ.
ძალიან ბევრი ფაქტორი შემოვიდა.
კოვიდის ფაქტორი ავიღოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა ძალიან რთულდება და კიდევ უფრო გართულდება, ეს სრულიად ცხადია.
კოვიდის ფაქტორი ხელისუფლების წინააღდეგ იმუშავებს, იმიტომ რომ კონტროლს არც აპირებენ და არც იციან, როგორ აკონტროლონ. ბევრი სხვა ფაქტორი შემოვა. ასე რომ დღეის გადმოსახედიდან შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ კახი კალაძე საკმაოდ მყარად დგას, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდება, ძნელი სათქმელია. არა მხოლოდ მელიას გამო.
არ დაგავიწყდეთ, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაც მოხდა. გახარია მყავს მხედველობაში. ეს პოლიტიკური ცენტრიც არსებობს რუკაზე. ასე რომ საკრიტიკო მიზეზი, რითიც „ქართული ოცნება“ ხეირს ნახულობდა, პრობლემატური გახდება.
მერობის სხვა კანდიდატების შანსები
„ერთნიშნა კანდიდატებზე საუბარი არ მინდა. ეს საერთო ჯამში, რაღაც გავლენებს ახდენს საერთო სურათზე, მაგრამ ჩვენ ამ კანდიდატურებს ხომ არ ვიხილავთ, როგორც პოტენციურ მერებს. არასერიოზულია, რომ ჩვენ ახლა თეორიულად მაინც დავუშვათ, რომ ანა დოლიძე, ან მიხეილ რამიშვილი გახდნენ უცებ თბილისის მერები. ეს აბსურდია.
სამი ძირითადი მოთამაშე გვყავს ჩვენ. არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. ადრე გვყავდა ორი და მთელი პროცესი მათ ორბიტაზე მიმდინარეობდა. ახლა დაემატა მესამე- გახარია.
ისინი არიან პოლიტიკურ ასპარეზზე და როცა გვინდა ლოგიკურ პოლიტიკურ პროცესზე საუბარი, ალბათ აქედან უნდა ამოვიდეთ.
ანა დოლიძე, მიხეილ რამიშვილი … და ალბათ კიდევ სხვებიც იქნებიან მერობის კანდიდატები, მაგრამ ისინი ალბათ მხოლოდ ჯამურ კორექტივებს შეიტანენ“. – აცხადებს გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“.
კალაძე ჩემთვის ღარიბაშვილია: დეკანოიძე “ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენას ეხმაურება