თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსების შესარჩევად, პოლონეთში, Man-ის ქარხანას ეწვია. კალაძემ ქარხნიდან „ფეისბუქ ლაივი“ ჩართო და მოსახლეობას ქარხანაში არსებული მოდელები დაათვალიერებინა.
როგორც მან განაცხადა, დედაქალაქის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს.
“ვფიქრობთ, რომ რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, თუ როგორი უნდა იყოს ყველაფერი და მოგაწვდით ინფორმაციას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. კალაძის განცხადებით, 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება.
ავტობუსები სხვადასხვა ზომის იქნება 8, 10 და 12-მეტრიანი.