„დედაქალაქის მერია 2024 წლის პირველი იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს ასი პროცენტით დააფინანსებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.
„პროგრამის ფარგლებში, ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, ასი პროცენტით დაუფინანსდება პროგრამის ყველა მოსარგებლეს.
აღნიშნულ ცვლილებამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80 პროცენტით, რიგ შემთხვევაში კი 50 პროცენტით უფინანსებდა.
გადაწყვეტილება პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“. – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მანვე აღნიშნა, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, თბილისის მერია ერთ პაციენტს წლის განმავლობაში სულ მცირე, 21 600 ლარით და მაქსიმუმ 61 150 ლარით აფინანსებს, მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში კი სულ მცირე, 40 500 ლარით და მაქსიმუმ 65 340 ლარით.