LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მოთხოვნა ბრენდულ და დიდ სასტუმროებზეა

116

თელავში საერთაშორისო ბრენდის Golden Tulip-ის სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები და დაწყებულია შიდა დიზაინის პროექტირება. სასტუმრო ყოფილი “ინტურისტის” შენობაში თავსდება და მასში, წინასწარი გათვლებით, 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სასტუმროს მფლობელი სს ”კახეთია”, რომლისთვისაც აღნიშნული პროექტი, მშენებლობის კუთხით, რიგით პირველია. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენელმა ზურაბ მეფარიძემ განუცხადა, სასტუმრო იქნება 4-ვარსკვლავიანი, აქ განთავსდება 101-ნომერი.

”რაც შეეხება ღირებულებას, ფასებს საშუალო სეგმენტზე გავთვლით. ვფიქრობ, რომ როგორც პროექტი, თელავის Golden Tulip-ი გაამართლებს. ჩვენი კომპანიის დაკვეთით საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანიამ ჩაატარა მარკეტინგული კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ კახეთის რეგიონში მოთხოვნა არის ბრენდულ და დიდ სასტუმროზე, სადაც შესაძლებელი იქნება, სულ მცირე ორი ჯგუფის მიღება, ვგულისხმობ დიდ ჯგუფებს – 40-45 კაციანს”, – აღნიშნა მეფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, კახეთში ხშირია შემთხვევები, როდესაც დიდი რაოდენობის ნომრების არარსებობის გამო, ტურები ერთდღიანია. დილით მიჰყავთ ტურისტები და შემდეგ უკან აბრუნებენ. როგორც სს ”კახეთის” წარმომადგენელმა განმარტა, ბაზარზე თავის დამკვიდრებას თელავის Golden Tulip-ი სწორედ ამ კუთხით გეგმავს. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლა 2017 წლის ბოლომდე იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, თელავის Golden Tulip-ში 150 ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი იქნება.

შეგახსნებეთ, Golden Tulip-ის ბრენდის ქვეშ პირველი სასტუმრო საქართველოში 2016 წლის სექტემბერში, ბორჯომში გაიხსნა. სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მასში 50-მდე ადამიანი დასაქმდა. „Golden Tulip Borjomi“-ის სასტუმრო 16 ნომრიანია (2 ლუქსი და 14 სტანდარტული ნომერი). სასტუმროს მომსახურეობებში შედის რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, აუზი, საუნა და საპროცედურო ოთახი.
ბორჯომისა და თელავის გარდა, აღნიშნული ბრენდის სასტუმროების გახსნა თბილისსა და წყალტუბოშიც იგეგმება.

ცნობისთვის, „Golden Tulip“-ი „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) შედის და 4-ვარსკვლავიან სასტუმროს წარმოადგენს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მსოფლიოს წამყვან სასტუმროთა ქსელებში მე-8 ადგილზეა, ევროპის მასშტაბით კი მე-2 ადგილზე. „Louvre Hotels Group“ მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 5 000-მდე სასტუმროს ფლობს, უშუალოდ „Golden Tulip“-ს კი 34 ქვეყანაში 140-მდე სასტუმრო აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები