საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, Discount Week 16 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით კახეთში გაიმართება. ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია კახეთის 11 სასტუმრო, 10-მდე შატო, 10-მდე მარანი და სხვადასხვა მუზეუმები.
Discount Week-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კახეთში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 20 ან მეტი ოთახი და უნდა წარმოადგინონ არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან 30%-იანი, ან მეტი ფასდაკლება. ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს.
სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებული იქნება კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი შესაბამისი შეთავაზებით. ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი, რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე discount.georgia.travel-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც.
ცნობისთვის, Discount Week საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.