LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი გაიმართება

152
კონგრესი

2-3 მარტს, კახეთში, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – Culinary Connection Euskadi-Georgia ჩატარდება.

ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი  სასტუმროებისა და რესტორნების შეფმზარეულები.

კონგრესის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან, კერძოდ, თეკუნა გაჩეჩილაძე, დავით ნარი ნარიმანიშვილი, პილი მანტეროლა, ენრიკე ფლაიშმანი, ხაბი გოროჩატეგი, ჯონ აიალა, იგორ არრეგი, ხუან კარლოს კარო და შუა იბანესი.

კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიეები  იმოგზაურებენ კახეთში, სადაც დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ტარდება.

ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი მიზანი არა მხოლოდ კულინარიული ოსტატობის, არამედ ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებაა.

„კონგრესის ფარგლებში საქართველოს ცნობილი მზარეულები და სომელიეები ეწვევიან, ისეთი პროფესიონალები, რომელთა სიტყვასაც სფეროში საკმაოდ დიდი წონა და გავლენა აქვს. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენი გასტრონომიული კულტურისა და კულინარიის შეფასება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეული წარმოჩენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მაია ომიაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ბასკური კულინარიული ცენტრი, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან სან სებასტიანში ფუნქციონირებს, წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას, სადაც ინოვაცია, კვლევა და მეწარმეობა გასტრონომიის განვითარებისა და ხელშეწყობის თანმდევია.

Mantala Basque Gastronomy მიზნად ისახავს ბასკური გასტრონომიის პოპულარიზაციას და განვითარებას, ცოდნის გაცვლის ხელშეწყობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები