LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთს სტიქია უტევს – ნახევარსათიანი სეტყვა ყვარელში

310

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ გავაზში და ჭიკაანში. ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ქარი ნახევარ საათს გრძელდებოდა, რის შედეგადაც განადგურდა ვენახები, ხეხილის და ბოსტნეულის ერთწლიანი კულტურები.

„ამინდი რომ უარესდებოდა, ვაკვირდებოდი და სეტყვის საწინააღმდეგი რაკეტები არ გაისროლეს. ნახევარი საათი გრძელდებოდა სტიქია, იყო ქარიშხალი და სეტყვა. ყველაფერმა რომ გადაიარა, მერე რამდენიმე საწინააღმდეგო რაკეტა ისროლეს. ამ დრომდე ხელისუფლებიდან არავინ მოვიდა, მოგვხედოს ვინმემ”, – განაცხადა არჩილ ბეგაშვილმა.

ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობაზე მიუთითებს და დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მისი თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დაგვიანებით გამოყენებასთან ერთად მოსავლის დაზღვევის პრობლემაც არის.

მოსახლეობის და ოპონენტების ბრალდებებს უპასუხეს ყვარლის მუნიციპალიტეტში. რწმუნებული ავთანდილ ცუკოშვილი ბრალდებას სეტყვის დანადგარის დაგვიანებით გამოყენებზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი ინფორმაციით, უკვე  შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები