„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.
პარტიის ლიდერის, კახა კუკავას, განცხადებით, კომპანია არ ასრულებს ახალი ავტოსადგომების მშენებლობის ვალდებულებას, სანაცვლოდ კი თბილისელების ხარჯზე მდიდრდება. ამიტომ, მისი თქმით, პარტია კვლავ განაახლებს „სითი პარკის“ წინააღმდეგ ბრძოლას და ყველა დაჯარიმებულ პირს, რომელთა ავტომობილი უკანონოდ გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე, დაეხმარება გასაჩივრებაში.
„ჩვენ ვიწყებთ აქციას „სითი პარკის“ წინააღმდეგ. კომპანიამ თბილისელებისგან რამდენიმე ასეული მილიონი იშოვა, თუმცა არც ერთი ავტოსადგომი არ მოუწყვია. მოვუწოდებთ ყველა თბილისელს, ჯარიმის ქვითარი მოგვიტანონ ჩვენ, რათა ჩვენ გავასაჩივროთ. მათ შეეძლებათ, ქვითრები მოგვაწოდონ როგორც პარტიის ოფისებში, ასევე, ყოველდღე იმორიგევებს ჩვენი თანამშრომელი „სითი პარკის“ საჯარიმო ავტოსადგომთან. გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელებს ვპირდებით, რომ გავაუქმებთ კომპანიასთან ხელშეკრულებას. „სითი პარკს“ ვალდებულებები შეუსრულებელი აქვს, შესაბამისად, მერიას კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, უპირობოდ ჯარიმის გადახდა არ მოუწევს,“ – განაცხადა კახა კუკავამ.