“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო”, ამის შესახებ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადადგომის მიზეზებზე კუჭავა მოგვიანებით თავად ისაუბრებს.
კობახიძემ კუჭავას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გუნდისთვის გულდასაწყვეტია.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს:
“პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. მე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის.
მისი გადაწყვეტილება არის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი მთელი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო. კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად.” -თქვა კობახიძემ.