მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე გვიან ღამით დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის მისი და მთავრობის წევრების ნაცნობობასთან დაკავშირებით.
ჯიბღაშვილის თქმით, ის პირადი კონტაქტებით არასდროს სარგებლობს.
„იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით.
კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, – განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.
ამასთან, ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს.
მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ეს დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.