ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მოხდება. ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულიმა მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაა მეტროს სადგურების კუთხით და მათი რეაბილიტაცია განხორციელდება.
„ქალაქის ურბანული განვითარება არის პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მასში შედის ეკოლოგიაც, ტრანსპორტის მოწესრიგებაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მოხდება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ გვინდა არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. გვინდა მაქსიმალურად კომფორტული და პოპულარული გახდეს მგზავრებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაგეგმილი გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილატაცია და ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელოა. „შესაბამისად, მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგება მოხდება, დიდი პარკების რეაბილიტაცია განხორციელდება და ამას ემატება დენდროლოგიური პარკი. მოხდება „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია, რომელსაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სერიოზული ზიანი მიადგა. ზოგადად, ჩვენ მოვაწესრიგებთ ქალაქის მწვანე საფარს“, – განაცხადა თბილისის ახალმა მერმა.
კალაძემ ქალაქში არსებულ ქაოტურ განაშენიანებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მისი მერობის პერიოდში არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.