”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, facebook-ის საკუთარ გვერდზე, სავარაუოდ, “ქართული მარშის” წევრების მხრიდან თათია დოლიძეზე განხორციელებულ სექსუალურ მუქარას ეხმაურება. იგი გმობს დაპირისპირების აგრესიულ ფორმას და ოპონირების ღირსეულ ფორმებზე საუბრობს.
„ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია, აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის – სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა და, რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე.
“საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, იმის უნარი მაინც უნდა გვქონდეს, საკუთარი აზრი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს – იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში“, – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.