ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „ფრონტერას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია.
მისი თქმით, ამ ინფორმაციის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით ინვესტიცის განხორციელება და თუ გაზის არსებობის შესახებ დადასტურდა, უნდა გადაწყდეს, რამდენად სწორი იქნება კომერციულად და ფინანსურად ამ გაზის ამოღება.
„შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. დამტკიცების შემთხვევაში, მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად, ბიზნესის თვალსაზრისით ამ გაზის ამოღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, „ფრონტერა” საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს და მათ მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში ამ სამუშაოების განხორციელებაზე არაფერია ნათქვამი.
ამერიკულმა კომპანია „ფრონტერამ“, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში გაზის ოპერაციებს აწარმოებს, კახეთში დიდი ოდენობით გაზის მოცულობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.