LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: გაზსაცავის ასაშენებელი თანხები პრობლემას არ წარმოადგენს

74

გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, თანხები პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაზსაცავის ასაშენებელ თანხებს საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია გამოყოფს.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მშენებლობის ადგილი ჯერ არ შერჩეულა.

”არის რამდენიმე ადგილი, სადაც არის შესაძლებელი გაზსაცავის მშენებლობა. არიან ლიცენზიანტი კომპანიები, რომლებიც ნავთობის საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ და ამ ადგილებშიც არის აშენება შესაძლებელი. სულ ორი ადგილია” – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანია ”სოკარის” მონაწილეობას გაზსაცავის მშენებლობაში, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ”ფორტუნას” განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში  სამინისტროს დეტალურად ეცოდინება ”სოკარის” წილობრივი  და ფინანსური მონაწილეობა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ტედ) მომზადებაზე 2015 წლის იანვარში გამოაცხადა . ტენდერში ფრანგულმა კომპანია GEOSTOCK -მა გაიმარჯვა, რომელთანაც ივნისში ხელშეკრულება გაფორმდა.

გაზსაცავი, რომლის მშენებლობის დასრულებაც 2019 წლისთვის იგეგმება, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე განთავსდება.

წინასწარი შეფასებით, გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისა და ენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისა და კრიტიკულ სიტუაციებში – ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში. გაზსაცავი ასევე დააბალანსებს გაზის მიწოდებისა და მოხმარების სეზონურ უთანაბრობას, ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.