ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ დებიუტს სერია ა-ში დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩვენიანს ძალიან აქებენ და მასზე უამრავი პოზიტიური რამ დაწერეს. ასეთ დროს ძალიან ხშირია შედარებები და თიკუნები. მარტო კვარადონა რად ღირს, ახლა კი CalcioNapoli24.it-მა ქართველი ახლო წარსულში ბრაზილიელ ვარსკვლავს, „ოქროს ბურთის“ მფლობელ კაკას შეადარა.
გამოცემამ სათაურად ასეთი რამ გამოიტანა: ვერონაში ვარსკვლავი დაიბადა: კვარა! კლასი, ინტელექტი და ნიჭი, როგორც პირველი “თეთრი სმოკინგი”.
აი რას წერს ნეაპოლური ინტერნეტ გამოცემა:
„ვერონაში ახალი ვარსკვლავი დაიბადა – ქართველი, რომელიც ბურთს ბრაზილიელივით ფლობს. ძალიან ტექნიკურია, აქვს მოედნის კარგი ხედვა, სწრაფია. ჰგავს კაკას. კაკა სხვაა: მან „ოქროს ბურთი“ მოიგო, ასევე ბევრი ტიტული, მაგრამ ხვიჩა ძალიან ჰგავს იტალიაში ახალჩამოსულ კაკას და შეგვიძლია Kaka-tskhelia ვუწოდოთ“.