კაილი მონოუგისთვის 50 წლის იუბილე განსაკუთრებული აღმოჩნდა. პირად ცხოვრებაში წარუმატებლობების მიუხედავად, მომღერალი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობს. მან ახალი ალბომი გამოუშვა, ბრიტანეთის დედოფლის იუბილეზე საპატიო სტუმარიც იყო და რამდენიმე გავლენიანი გამოცემის გარეკანიც დაიპყრო. ცოტა ხნის წინ Red Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ავსტრალიელმა ლამაზმანმა გულახდილად ისაუბრა ჯოშუა საასთან დაშორებაზე. ამჯერად კი ავსტრალიური Vogue-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი ფოტოები გადაღებებიდან, სადაც კაილი მინოუგი წითელ კაბაში პოზირებს, გამოცემის გარეკანზე კი ის თეთრ მოკლე კაბაშია გადაღებული.
მომღერალმა გამოცემასთან პირადზეც ბევრი ისაუბრა და განაცხადა, რომ შვილების ყოლას აღარ აპირებს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ის ბავშვების აყვანზე ფიქრობდა, თუმცა, გადაიფიქრა. მისივე თქმით, მას ურჩევნია დედინაცვალი იყოს, ვიდრე დედა.