ამერიკელმა მამაკაცმა სპორტული დარბაზის ადმინისტრაციაში ბომბის აფეთქების მუქარით დარეკა. ვითომ ტერორისტი სინამდვილეში ამ დარბაზის თანამშრომელი იყო და უბრალოდ სამსახურში წასვლა არ უნდოდა.
პოლიციის ანგარიშების მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მილუოკის ერთ-ერთ დარბაზში დარეკა კაცმა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე 13-სართულიანი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.
დარბაზის თანამშრომლებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს, შენობაში სასწრაფოდ ევაკუაცია დაიწყო, ადგილზე მივიდნენ გამნაღმველებიც, თუმცა ვერანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.
პოლიციამ ზარის ავტორს მალევე მიაკვლია და ის 24 წლის ავეონ ჯეიმსი აღმოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯეიმსი ამ დარბაზში მუშაობდა და იმ დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა.