ჟურნალისტი თეა გვასალია სიყვარულის და პარტნიორთან თანაცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ „კაცობრიობამ შეცდომა დაუშვა, მარადიული სიყვარულის იდეა რომ აიტაცა“. მისივე თქმით, „სიყვარული არაჩვეულებრივი გრძნობაა, რომელიც ფრთებს გასხამს, მაგრამ თანაცხოვრების მეხუთე, მეათე და მეთხუთმეტე წელს, მისი ხელის შეხებაზე ვეღარაფრით დაგივლის დენი სხეულში, არც სული შეგეკვრება და მუცელშიც ამაოდ დაუწყებ პეპლების ფარფატს ლოდინს“.
თეა გვასალიას აღნიშნულის მაგალითად, კოლუმბიელი მომღერლის შაკირასა და ფეხბურთელ პიკეს სიყვარულის ისტორია მოჰყავს, რომელთა სამაგალითო, არამიწიერი სიყვარულით შექმნილ ოჯახსაც, გვასალიას თქმით, „წყალი შეუდგა“, რადგან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.
„აჰა, შაკირას და პიკეს სამაგალითო ოჯახსაც შეუდგა წყალი და კიდევ ერთხელ დასამარდა მითი კუბოს ფიცრამდე სიყვარულის შესახებ. მათ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გაიცნეს ერთმანეთი, სადაც შაკირა „ვაკა-ვაკას“ მღეროდა, პიკე კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლამაზი სიყვარულის ისტორია ჰქონდათ, ორი ბიჭი შეძინათ, ყველგან გაღიმებულები და ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ახლა ირკვევა, რომ პიკე ცალკე ცხოვრობს და არაფერს იკლებს, შაკირამ კი კანის ფესტივალი მოიარა და ბარსელონაში დაბრუნებულმა სულ ერთხელ ნახა შვილების მამა.
აქ რა ხდება არ ვიცი. დიდად არ ვადევნებ თვალს ვინ ვისზე ქორწინდება და ვინ ვის შორდება, მაგრამ ესპანეთში პანტაპუნტით ინგრევა თავის დროზე არამიწიერი სიყვარულით შექმნილი ოჯახები.
მე თუ მკითხავთ, კაცობრიობამ იქ დაუშვა შეცდომა, მარადიული სიყვარულის იდეა რომ აიტაცა, ამ თემაზე შექმნილი ეპოსებით, გულისმომკვლელი რომანებითა და სატრფიალო ლირიკით გაამყარა და ბოლოს თავადაც დაიჯერა.
არც ჩვენთვის უსწავლებია ვინმეს და არც ჩვენ ვიკლავთ შვილებთან იმაზე საუბრით თავს, რომ სიყვარული კი ბატონო, არაჩვეულებრივი გრძნობაა, აგვამაღლებს, დედამიწას ატრიალებს, ფრთებს გვასხამს და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა სული უბერო და მოუფრთხილდე, სანთლების შუქზე რომანტიკული ვახშმები მართო და სარეცელზე ვარდის ფურცლები მიმოაბნიო, თანაცხოვრების მეხუთე, მეათე და მეთხუთმეტე წელს, მისი ხელის შეხებაზე ვეღარაფრით დაგივლის დენი სხეულში, არც სული შეგეკვრება და მუცელშიც ამაოდ დაუწყებ პეპლების ფარფატს ლოდინს. ეს ბუნებრივია, უფრო სწორად, ბუნების კანონია და არ ნიშნავს რომ ამ შეგრძნებების ხელახლა გამოსაცდელად სხვას უნდა ეცე, მერე კიდევ სხვას და ასე დაუსრულებლად.
გოგოსაც და ბიჭსაც გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ ფიზიკური ლტოლვის გარდა ოჯახი სხვა სახის სიყვარულსაც, ანუ საერთო ინტერესების და მიზნების ქონას, სიმშვიდეს, ჰარმონიას, ერთმანეთზე და შვილებზე ზრუნვას და პასუხისმგებლობასაც ნიშნავს და რომ სანამ ჯვარს იფსკვნი, აუცილებლად უნდა ჰკითხო შენ თავს, ზემოთხსენებული ლტოლვის გარდა რა გაქვს ამ ადამიანთან საერთო და მინიმუმ ხუთ პუნქტში მაინც თუ არ გადაიკვეთა თქვენი ინტერესები, ოჯახის შექმნაზე ფიქრს თავი უნდა დაანებო, თორემ პიკეს და შაკირას რა უჭირთ, დაშორების შესახებ ექსკლუზივშიც მილიონს იშოვნიან და ჟურნალისტების კომენტარები კიდევ უფრო გაზრდის მათ პოპულარობას, მაშინ როცა თქვენი განქორწინების შესახებ ქმრის (ცოლის) ბიცოლის ან გაუთხოვარი მამიდის „თავიდანვე არ მომეწონა ეგ გოგო (ეგ ბიჭი)“ მსგავსი კომენტარები ნერვების მოშლის მეტს არაფერს მოგიტანთ“, – წერს თეა გვასალია.